ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება

­

ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება შეიქმნა 2021 წლის 28 დეკემბერს.

ჩვენი მიზანია, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, შევკრიბოთ და ფართო საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისი ნაშრომები, ასევე გავაგრძელოთ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელთანაც მეცნიერი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით იყო დაკავშირებული.   დასახული მიზნიდან გამომდინარე, საზოგადოების მუშაობაში გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

1. ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო-პედაგოგიური თუ პუბლიცისტური ნააზრევის მომზადება სისტემური გამოცემისათვის;  აქ გათვალისწინებულია როგორც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში არსებული პუბლიკაციები, ისე აქამდე გამოუცემელი მასალები, კერძოდ:

- სოციალურ ქსელში განთავსებული სტატიები და  ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც ღირებულია ტარიელ ფუტკარაძის, როგორც პიროვნების, მოქალაქის, მასწავლებლის, საბჭოთა იდეოლოგემებისაგან თავისუფალი ქართველოლოგიის განვითარებისა და  ქართველთა ერთიანობისათვის მებრძოლის, წარმოსაჩენად;

- დღიურები, რომლებსაც ტარიელ ფუტკარაძე წლების განმავლობაში ქმნიდა; ეს ჩანაწერები, ასახავს რა ერთი ქართველი კაცის თავგადასავალს,  ამავდროულად წარმოადგენს  უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს ჩვენი უახლესი ისტორიის შესასწავლად.

2. ტარიელ ფუტკარაძის ავტორობითა და რედაქტორობით მომზადებული სახელმძღვანელოების მიხედვით, ქართული ენის კურსების / პროგრამების შემუშავება-ამოქმედება:

- საქართველოს მოქალაქეებისათვის;

- საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველებისათვის, რომლებიც არიან ამჟამინდელ თურქეთსა და ირანის პროვინციაში - ფერეიდანში;

- უცხოელებისათვის.

3. ტარიელ ფუტკარაძის ჩანაფიქრის მიხედვით, სხვადასხვა სახელმძღვანელოს (ქართული ენა, ქართული ენის სტილისტიკა...) მომზადება;

4. აქტიური თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან, რომლებიც ორიენტირებული არიან ტარიელ ფუტკარაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი  კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების  ჩატარებით;

5. ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება, სადაც წარმოდგენილი იქნება საზოგადოების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში;

ვიმედოვნებთ, საზოგადოების საქმიანობა ხელს შეუწყობს პროფ. ტარიელ ფუტკარაძის მეცნიერული და მოქალაქეობრივი ორიენტირების პოპულარიზებას და ქვეყნის საიმედო მომავალი თაობის აღზრდას.